ასაკის მატებასთან ერთად სახეზე ნაოჭების რაოდენობაც იზრდება რაც ხშირად სტრესთან და შფოთვებთან ასოცირდება. ახალგაზრდობისა და მომხიბვლელობის ხანგრძლივად შენარჩუნება ყველა დროის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება.
სილამაზის ინდუსტრიაში მუდმივად იქმნება სხვადასხვა სახისა თუ შემადგენლობის საცხები, შრატები, ასევე, მუდმივად მუშაობენ ისეთი სახის ინექციების შექმნაზე, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება ახალგაზრდობის გახანგრძლივება.
ასაკთან და ნაოჭებთან საბრძოლველად ყველაზე პოპულარულ და ეფექტურ პროცედურებად ითვლება:
1. ბიორევიტალიზაცია - კანის გაახალგაზრდავების და დატენიანების ერთ- ერთ ყველაზე მოთხოვნადი და პოპულარული პროცედურაა. ის გულისხმობს სახის, დეკოლტესა და კისრის ზონაზე ჰიალურონის მჟავის შეყვანას. შედეგიანობისათვის სასურველია ჩატარდეს 3-დან 5 პროცედურამდე, ინტერვალი კი იყოს საშუალოდ 3-4 კვირა.
2. მეზოთერაპია-ნაოჭების, მოშვებული კანის, პიგმენტური ლაქების საწინააღმდეგო ეფექტური მეთოდია, რომელიც უჯრედულ დონეზე უზრუნველყოფს ნივთიერებათა ცვლის სტიმულაციას, სისხლის მიმიქცევის გაუმჯობესებას, კანის ელასტიურობის გაზრდას და კანის უჯრედების რეგენერაციის პროცესის გაუმჯობესებას.
პროცედურისას კანში შეჰყავთ ვიტამინების, ამინომჟავების, ანტიოქსიდანტების, პეპტიდებისა და ჰეალურონის შემცველობის მქონე კოქტეილები.
შედეგი პროცედურის დასრულებისთანავე დგება, კანი ხდება მეტად ელასტიური, ხავერდოვანი და ჯანსაღი ელფერის მქონე. შედეგის ხანგრძლივად შესანარჩუნებლად და წვრილი ნაოჭების პრევენციის მიზნით აუცილებელია ჩატარდეს სრული კურსი, რაც გულისხმობს 8-15 პროცედურის ჩატარებას.
3. კანის დაბერების საწინააღმდეგო ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ მეთოდად ასახელებენ პლაზმოლიფტინგს-საკუთარი პლაზმის სისხლის ინექციას. ის ითვლება ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო მეთოდად, რომლის დროსაც პაციენტის სისხლიდან ხდება თრომბოციტებით მდიდარი პლაზმის აღება და კანში შეყვანა.
პროცედურის შედეგად აქტიურდება სისხლის მეტაბოლიზმი და სტიმულირდება ორგანიზმის ფარული რესურსები.
პროცედურა განკუთვნილია ისეთი პრობლემების მოსაგვარებლად, როგორებიცაა:
· გამომშრალი კანი;
· სებორეა;
· აკნე და პოსტაკნე;
· კანის ნაწიბურები და სტრიები;
· არაერთგვაროვანი კანის ზედაპირი;
· ზედაპირული ნაოჭები
პლაზმოლიფტინგის შედეგი პროცედურიდან 2 კვირაშია შესამჩნევი.
4. ქიმიური პილინგი გაახალგაზრდავების კოსმეტოლოგიური პროცედურაა, რომელიც კანის ზედაპირიდან გარქოვანებული უჯრედების მოშორებას გულისხმობს. პროცედურა აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ააქტიურებს ნივთიერებათა ცვლას და აჩქარებს უჯრედების რეგენერაციის პროცესს.
პროცედურის მიზანია ნაწიბურების მოშორება, პიგმენტური ლაქების გაქრობა და კანის ზოგადი მდგომარეობის გაუმჯობესებაა.
პროცედურისას გამოიყენება სხვადასხვა სახის ორგანული მჟავები. პროცედურისგან მიღებული ეფექტი ნარჩუნდება 2-3 წლის განმავლობაში.
5. ბოტოქსის ინექცია, იგივე ბოტულოტოქსინი ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებად ითვლება ნაოჭების გასაქრობად. მას ყველაზე ხშირად იყენებენ წარბებს შორის, თვალების ირგვლივ და შუბლის ზონაზე, ასევე ბოტოქსი ეფექტურად გამოიყენება ტუჩების გვერდით არსებული მიმიკური ნაოჭების გასასწორებლადაც.
პროცედურა სულ რამდენიმე წამს გრძელდება და მისი ეფექტი ნარჩუნდება 4-6 თვის განმავლობაში. 3-5 პროცედურის შემდეგ კი პროცედურის შედეგი 10-12 თვემდე გრძელდება.